8/09/2011
მიხეილ სააკაშვილი დიმიტრი მედვედევის ინტერვიუს გამოეხმაურა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიმიტრი მედვედევის მიერ ქართველი და რუსი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა. გუშინ, ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში ბელორუს მოზარდებთან შეხვედრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ არის ნორმალური სიტუაცია, როცა 55-დან 40 წუთი მედვედევმა დრო სააკაშვილზე საუბარს დაუთმო.
"ხანდახან მიკვირს, თუ რატომ გვაქცევენ ასეთ ყურადღებას? ამ ორიოდე დღის წინ ტელევიზორში მოვკარი თვალი, რომ ჩვენზე ასჯერ დიდი ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც რეალურად სხვა ადამიანის ჩრდილქვეშ იმყოფება, 55 წუთიან ინტერვიუში 39 წუთი მომიძღვნა მე. ნუთუ ამხელა ქვეყნის თუნდაც შეზღუდული ძალაუფლების მქონე ლიდერს მეტი საქმე არ აქვს, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტზე ფიქრობდეს ამდენს და სადაც 40 წუთს ლაპარაკობს, ალბათ 40 დღე და 40 თვე აქვს ნაფიქრი მანამდე. ეს არ არის ნორმალური სიტუაცია", _ განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ზოგს ახალგაზრდული ბანაკების მშენებლობა ანიჭებს სიამოვნებას, ზოგს კი სხვისი აშენებულის განადგურება.
"3 წლის წინ, მზიან აგვისტოს დღეს, აქედან სამიოდე კილომეტრში, ასეთივე ბანაკი შემოსულმა არმიამ სამხედრო ობიექტად აღიქვა და პირველი, რაც გააკეთა ის იყო, რომ ეს ბანაკი გადაწვა. ჩვენი ყოფის აბსურდულობა სწორედ ის არის, აქეთ მხარეს შენდება უამრავი ადგილი დასვენებისთვის, სასტუმრო, აკვა-პარკი, გოლფის მოედანი უცხოელი ტურისტებისთვის და არა მარტო მათთვის. სულ რამდენიმე კილომეტრში კი არის კედელი, მის იქეთ კი დგანან ტანკები, არის უიმედობა, უპერსპექტივობა, არის ყველაფერი ის, რისგანაც ჩვენ გაქცევას ვცდილობთ... საქართველოს მუდმივად აქვს პრობლემა მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ თავისუფალი ქვეყანა. ვიღაცას აქვს ბანაკების აშენების მოთხოვნილება, ვიღაცას კი აქვს მოთხოვნილება, ჩამოვიდეს, გადაწვას, გაანადგუროს და გადაუაროს სხვის აშენებულ ბანაკებს", _ აღნიშნა სააკაშვილმა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment