სასტუმრო "აფხაზეთის" შენობასთან დღეს, 23.00 საათზე ე.წ. გლოვის აქცია გაიმართება. ამის შესახებ სასტუმრო "აფხაზეთში" მცხოვრებმა დევნილებმა განაცხადეს .
დევნილების ინფორმაციით, სანთლებით ხელში დადგებიან სასტუმრო "აფხაზეთის" შენობასთან და მოუწოდებენ სხვა დევნილებსაც, სოლიდარობა გამოუცხადონ მათ საპროტესტო აქციას.
"ჩვენ ვითხოვთ ხელისუფლების მხრიდან კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციას და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას, როგორც ეს კანონით არის გარანტირებული. ჩვენ არ დავთანხმდებით ხელისუფლების შეთავაზებას, რომელიც ითვალისწინებს უარეს საცხოვრებელ პირობებში გადასვლას",-აღნიშნეს დევნილებმა.
ისინი პერმანენტულ აქციებს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთანაც გეგმავენ.
"მრავალსულიანი ოჯახები ხელისუფლებამ გააერთიანა და გაერთიანებულ ოჯახებს ერთი კომპენსაციას - 10 ათასი დოლარს სთავაზობს. ეს ჩვენთვის მიუღებელია",- ამბობენ ისინი.
ამასთან, დევნილთა ნაწილი სასტუმრო "აფხაზეთის" შენობას ნებაყოფლობით ტოვებს, მათ 10 ათას დოლარიანი კომპენსაცია მიიღეს ხელისუფლებისგან. მათი თქმით, იძულებულები იყვნენ, ეს კომპენსაცია მიეღოთ, ვინაიდან ხვალ პოლიციის ძალით გამოსახლება ემუქრებოდათ.
სასტუმრო "აფხაზეთის" შენობაში სულ 300-მდე ოჯახი ცხოვრობს, როგორც დევნილები ამბობენ, მათგან კომპენსაციას 170 ოჯახამდე დათანხმდა.
სასტუმრო "აფხაზეთის" შენობას უკვე კერძო მფლობელი ჰყავს. სასტუმროში 90-იანი წლებში ცხინვალის რეგიონიდან დევნილები ცხოვრობენ. შენობის დასაცლელად მათ ვადა 15 აგვისტომდე აქვთ.
No comments:
Post a Comment