8/29/2011
სასამართლომ ბადრი ბიწაძის ოჯახის მძღოლის მიმართ საქმის განხილვა დაასრულა
თბილისის საქალაქო სასამართლომ შაქრია ზურაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა.
სასამართლოს ინფორმაციით, ზურაშვილს ბრალად ედება "პოლიციის მუშაკისთვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლაში, მისი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფურად".
ასევე სასამართლოს ინფორმაციით, შაქრია ზურაშვილმა ჩაიდინა "ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით".
"2011 წლის 25 მაისს, შაქრია ზურაშვილი, რომელიც იყო ბადრი ბიწაძის ოჯახის მძღოლი, მონაწილეობას ღებულობდა თბილისში, პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი მოძრაობა ~სახალხო კრების" მიერ ორგანიზებულ აქციაში, რომელიც ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ სანქცირებული იყო 2011 წლის 25 მაისის 24:00 საათამდე. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგაც იმყოფებოდნენ პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და მონაწილეობას ღებულობდნენ არასანქცირებულ აქციაში. მათი მიმართულებით წასული სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების დანახვაზე აქციის მონაწილეების ნაწილმა, მათ შორის შაქრია ზურაშვილმა, მიიღეს გადაწყვეტილება დაეტოვებინათ პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია, რის გამოც სწრაფად ჩასხდნენ ავტომანქანებში. შაქრია ზურაშვილი, სხვა პირებთან ერთად, ჩაჯდა იქვე მახლობლად გაჩერებულ მისი მართვის ქვეშ მყოფ შავი ფერის ~ტოიოტა-პრადოს"" მარკის ავტომანქანაში და მეტროსადგურ ~თავისუფლების"" მოედნის მიმართულებით გაემართა. აღნიშნულ პერიმეტრს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებდნენ. მათ ხელის მოძრაობით ანიშნეს ზემოაღნიშნული ავტომანქანის მფლობელს შეეწყვიტა მოძრაობა და მათ კანონიერ მოთხოვნას დამორჩილებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შაქრია ზურაშვილმა ნათლად დაინახა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მოთხოვნა, მან არ შეწყვიტა სვლა, პირიქით სწრაფი სვლით გაემართა პოლიციის თანამშრომელთა მიმართულებით, რომლებიც შეეცადნენ დერეფნის გაკეთებას, რათა კანონდარღვევით მოძრავ მანქანებს შესაძლებლობა მისცემოდათ უსაფრთხოდ გაევლოთ ტერიტორია. მიუხედავად აღნიშნული მცდელობისა, ავტომანქანების კოლონიდან ერთ-ერთი ავტომანქანა შეეხო და წააქცია პოლიციის კორდონში მყოფი საქართველოს შსს კონსტიტუციური დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ნინოშვილი, რომელიც აღნიშნული ავტომანქანის მარჯვენა მხარეს გადავარდა. ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით CBG-777, რომელსაც მართავდა მძღოლი შაქრია ზურაშვილი წავიდა მისი მიმართულებით. ლევან ნინოშვილმა შეძლო ფეხზე წამოდგომა და მას ხელით სვლის შეჩერება ანიშნა, შაქრია ზურიაშვილმა არ მისცა ლევან ნინოშვილს შესაძლებლობა უსაფრთხო ადგილას გადაადგილებულიყო. მან ავტომანქანის მართვის სიჩქარეს მოუმატა და მარცხენა საბურავით სამართალდამცავს სხეულზე გადაურა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, შაქრია ზურაშვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ლევან ნინოშვილი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში. აღნიშნული შემთხვევის შედეგად ლევან ნინოშვილმა მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
სასამართლოს ინფორმაციით, "ღია სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას შაქრია ზურაშვილმა თავი არ ცნო დამნაშავედ, თუმცა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება, უტყუარად იქნა დადასტყრებული გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო სხომაზე ექსპერტის მიერ მიცემული ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლიობით".
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩადენილი დანაშაულისთვის შაქრია ზურაშვილს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
შაქრია ზურაშვილს საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა დანაშაულის იარაღის - მისი მართვის ქვეშ მყოფი "ტოიოტა პრადოს" მარკის ავტომანქანის, სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამორთმევა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment