8/09/2011

გია ბუღაძე - ვეთანხმები მოსამართლის გადაწყვეტილებას

მხატვარი გია ბუღაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი მხატვართა კავშირის ყრილობის მიერ 2011 წლის 12 თებერვალს ჩატარებული არჩევნები. ამ არჩევნების შედეგებით, კავშირის თავმჯდომარე გია ბუღაძე გახდა.
"ვეთანხმები მოსამართლის გადაწყვეტილებას, ბოლოს და ბოლოს დალაგდება სიტუაცია კავშირში _ ჩატარდება მეორე ტური და ახალი თავმჯდომარეც აირჩევა", _ განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გია ბუღაძემ.
ბუღაძის თქმით, მისი თავმჯდომარეობის დროს კავშირის მმართველმა გუნდმა მოახერხა ქონებისთვის ყადაღის მოხსნა და წლების განმავლობაში დაგროვილი 300 ათას ლარიანი ვალის გადახდა.
"ამ ხნის განმავლობაში, რაც გავაკეთეთ ის არის, რომ ყადაღა შევაჩერეთ, კავშირს ვალებიც აღარ აქვს, სწორედ ის ვალები და ყადაღა, რომელიც სწორედ გურამ ცერცვაძემ დააგროვა და აკიდა კავშირს. ეს არის ადამიანი, რომელმაც კავშირს ყადაღა აკიდა, მოიპარა მთელი ქონება და მას უნდა თავმჯდომარეობა. მე ხელისუფლების ინტერესების დამცველად მოვიაზრები, მაგრამ ახლა ხომ დარწმუნდა ყველა, სახელმწიფოს რამე ინტერესი რომ ჰქონოდა, მხატვრები ასეთ საშინელ დღეში არ იქნებოდნენ", _ აღნიშნა გია ბუღაძემ.
მისივე განმარტებით, გურამ ცერცვაძე კავშირის ფინანსური სამსახურის ხელმძღვანელი თითქმის ცხრა წლის განმავლობაში იყო.
"ეს პერიოდია, როცა ქონება დაყადაღდა და ვალები აიკიდა ამ უბედურმა კავშირმა. თუ საიდან დაგროვდა ამდენი ვალი, მას უნდა ჰკითხოთ, თუ როგორ მოახერხა და როგორ ივაჟკაცა", _ აღნიშნა ბუღაძემ.
რაც შეეხება ხელახალ არჩევნებს, ბუღაძის განცხადებით, მას კავშირის გამგეობა მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მოამზადებს. კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში, მას ცალსახა პასუხი არ აქვს.
"ჩიტი ბდღვნად არ მიღირს, როცა ადამიანები ვერ ხედავენ, ვინ არის თაღლითი, ვის რა უნდა ეჭიდაო. ჯერ ნამდვილად არ ვიცი, მივიღებ თუ არა მონაწილეობას", _ აღნიშნა ბუღაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გააუქმა მხატვართა კავშირის თავმჯდომარის არჩევნების შედეგები, რომლის მიხედვითაც, კავშირის თავმჯდომარედ 2011 წლის 12 თებერვალს გია ბუღაძე აირჩიეს.
გადაწყვეტილება მხატვართა კავშირის თავმჯდომარეობის დავასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ასმათ კოხრეიძემ გამოაცხადა. სარჩელი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ სასამართლოში მხატვარმა გურამ ცერცვაძემ შეიტანა.

No comments:

Post a Comment