დიდგორობასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები დიდგორის ველზე გაიმართა .
დიდგორის მემორიალური კომპლექსის სცენაზე თეატრალიზებულ-მუსიკალური წარმოდგენა გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ მსახიობები, ანსამბლი "ქართული ხმები", მომღერლები ნუკრი კაპანაძე, მერაბ სეფაშვილი, სოფო ბედია, აჩიკო ნიჟარაძე.
ასევე, დიდგორის ველზე დიდგორის ბრძოლის ამსახველი ფრაგმენტები გააცოცხლეს. გაიმართა ჯირითი და დოღი, ტურნირი ჭიდაობასა და მკლავჭიდში.
დიდგორობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, საპარლამენტო უმრავლესობისა და "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. საზეიმო ღონისძიებებზე მიწვეულნი იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
დღესვე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით, წალკა-მანგლისის ეპარქიის ეპისკოპოსს, მეუფე ანანიას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეობა მიანიჭეს.
"დიდგორი არის ყველაზე დიდი ქართული გამარჯვების სიმბოლო, სიმბოლო იმისა, რომ ქართული სახელმწიფო არის უკვდავი. დიდგორი არის სიმბოლო და იმედი ჩვენი მომავალი გამარჯვებისა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ.
1121 წლის 12 აგვისტოს ქართულმა ჯარმა დავით აღმაშენებლის მეთაურებით თურქ-სელჩუკები დაამარცხა. დიდგორობა სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით აღინიშნება.
No comments:
Post a Comment