8/12/2011

სახალხო დამცველი კობა სუბელიანს დევნილების ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს მიმართავს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველის ოფისიდან აცნობეს.
გიორგი ტუღუში კობა სუბელიანს მოუწოდებს, გაითვალისწინოს და დაიცვას დევნილთა ინტერესები შეთავაზებებისა და საკომპენსაციო თანხების ადეკვატურობასთან მიმართებაში.
"გიორგი ტუღუში სუბელიანს სთხოვს, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა მიღწეული იყო დევნილებთან შეთანხმება, როგორც ალტერნატიული ფართების, ისე საკომპენსაციო თანხების შეთავაზებისას. ხოლო, ვიდრე საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით არ იქნება დადებული დევნილებთან წერილობითი შეთანხმება და არ გამოიყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართი, რომლითაც არ გაუარესდება დევნილის საყოფაცხოვრებო პირობები, არ მოხდეს დევნილთა გამოყვანა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან", - ნათქვამია სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იგეგმება თბილისში მდებარე რამდენიმე კოლექტიური დასახლების ადგილიდან დევნილთა განსახლება. კერძოდ: სასტუმროდან "აფხაზეთი", და "კურორტოლოგიის ინსტიტუტიდან". აღნიშნულ ობიექტებს აქვს კომპაქტური განსახლების ობიექტების სტატუსი და იქ მცხოვრები თითოეული დევნილი ოფიციალურად არის დარეგისტრირებული.
”ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ორივე შენობას ჰყავს ინვესტორი. საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მონიტორინგი განახორციელეს აღნიშნულ ობიექტებში. ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სასტუმრო "აფხაზეთში" მცხოვრებ დევნილებს შესთავაზეს ან რუსთავში მშენებარე კორპუსში განსახლება, რომლის დასრულებამდეც დევნილებს სთავაზობენ ბინის ქირის გადახდას, ან 10 000 დოლარის ექვივალენტ თანხას; რაც შეეხება "კურორტოლოგიის ინსტიტუტს", დევნილებს სთავაზობენ თბილისში, ვაზისუბანში მდებარე ყოფილი #165 ბაგა–ბაღის შენობაში განსახლებას. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ამ ეტაპზე დევნილთა ნაწილი არ არის თანახმა ამ შეთავაზებაზე. ოფიციალური ინფორმაციით, სასტუმრო "აფხაზეთიდან" დევნილთა გამოყვანა 15 აგვისტოს, ხოლო "კურორტოლოგიის ინსტიტუტიდან" 18 აგვისტოსთვის იგეგმება”,-განაცხადეს სახალხო დამცველის ოფისში.

No comments:

Post a Comment