8/27/2011
მომლოცველები ხვალ თბილისში სალიტანიო ანჩისხატს შემოაბრძანებენ
მომლოცველები ხვალ თბილისში სალიტანიო ანჩისხატს შემოაბრძანებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ანჩისხატის მომლოცველთა კრებულიდან აცნობეს, რუსთაველის ძეგლთან სალიტანიო ანჩისხატს ღვთისმშობლის ხატთან ერთად სხვადასხვა ტაძრის მრევლი შეეგებება, საიდანაც ლოცვითი სვლით ხელოვნების მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოში წაბრძანდება და პარაკლისი აღევლინება.
როგორც ანჩისხატის მომლოცველთა კრებულში აცხადებენ, წელს ანჩისხატის გზა ტრადიციულად იერუსალიმიდან დაიწყო. ამჯერად სალიტანიო ანჩისხატთან ერთად ათონის მთიდან წამობრძანებულმა ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ასლმაც იმოგზაურა. ამ გზაზე ხატმა შეძლებისდაგვარად კვალდაკვალ გაიარა ის წმიდა ადგილები, რომელიც საუკუნეების მანძილზე ხელითუქმნელმა ანჩისხატმა თბილისამდე ისტორიულად განვლო.
19 აგვისტოს, ფერიცვალებას, ანჩისხატის მომლოცველთა კრებულმა ისრაელში მცხოვრებ ქართველებთან ერთად ანჩისხატის სალიტანიო ხატი თაბორის მთაზე ააბრძანეს. წირვის შემდეგ ერის კეთილდღეობისთვის სამების საკათედრო ტაძრის მღვდელ-მონაზონმა კონსტანტინემ (ნარუშვილი) ანჩისახატის პარაკლისი გადაიხადა.
ხატის წინაშე აგრეთვე ლოცვები აღავლინეს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა სასულიერო პირებმა და მორწმუნეებმა. შემდეგ სალიტანიო ანჩისხატი ლოდში წმიდა გიორგის საფლავზე, იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ადგილას, ღვთისმშობლის მიძინების ადგილას და ჯვრის ქართულ მონასტერში მიაბრძანეს, სადაც ჩვენი ეკლესიის გაძლიერებისა და ქართული ძეგლების დაბრუნებისათვის პარაკლისები აღევლინა.
იერუსალიმიდან მომლოცველებმა სალიტანიო ანჩისხატი ტაო-კლარჯეთში ანჩაში მიაბრძანეს. ანჩის ნატაძრალზე პარაკლისი აღევლინა. შემდგომ ხატი სარფში შებრძანდა, სადაც ადგილობრივი მრევლი დახვდა. ამასთან, ხატი ანდრია პირველწოდებულის ტაძარში წირვა-ლოცვაზე იყო დაბრძანებული. მომლოცველებმა ანჩის საკათედრო ტაძრის ქვები წამოიმძღვარეს, რათა თხოვონ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდეს და უნეტარეს, ილია II-ს, ეს ქვები ანჩისხატის სახატის კიოტში იყოს მოთავსებული.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და სასულიერო პირთა უშუალო მონაწილეობით მაცხოვრის სალიტანიო ანჩისხატი უკვე წლებია დაბრძანდება სრულიად საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ წმიდა ადგილების მოსალოცად _ საქადაგო მოწოდებით ,,სიწმიდეები გვიხმობენ".
მართლმადიდებლები ხელთუქმნელი ანჩისხატის დღესასწაულს 29 აგვისტოს აღნიშნავენ
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment