8/08/2011

დღეს სასტუმრო "აფხაზეთში" მცხოვრები დევნილები გამოსახლების მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრებენ


სასტუმრო "აფხაზეთში" მცხოვრები დევნილები 15 აგვისტოს დაგეგმილ მათი გამოსახლების პროცესზე და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრებენ . დევნილები ამ საკითხზე დღეს, 12:00 საათზე, სასტუმრო "აფხაზეთში" პრესკონფერენციას გამართავენ.
როგორც დევნილები ამბობენ, ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე სასტუმრო "აფხაზეთიდან" ცხინვალიდან დევნილთა 300–ზე მეტი ოჯახის უკანონო გამოსახლება, 15 აგვისტოს იგეგმება.
მათი ინფორმაციით, შეტყობინება 10 დღეში სასტუმროს დაცლის თაობაზე, სადაც უკვე 21 წელია დევნილთა აღნიშნული ოჯახები ცხოვრობენ, 5 აგვისტოს მიიღეს.
დევნილების განცხადებით, კოლექტიური ცენტრიდან გამოსახლება, როგორადაც სასტუმრო "აფხაზეთი" მიიჩნევა, სრულიად უკანონოა და იმავდროულად, ცინიკურია კომპენსაციის სახით 10 000 აშშ დოლარის შეთავაზება ოჯახებისთვის, რომლის ქვეშაც სამინისტროს მიერ შედგენილი სიებით 10 და მეტი ადამიანია გაერთიანებული.
"იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე წლის წინ შეჩერდა ოჯახების დაყოფის პროცესი, დღეს სახეზეა იურიდიულად რეგისტრირებული 10–12 და მეტი წევრიანი ოჯახები. აღსანიშნავია, რომ დღემდე ყველა სხვა კოლექტიური ცენტრიდან დევნილების გასახლებისას კომპენსაციები გაიცა დაკავებული ფართების და არა ოჯახების მიხედვით", – ამბობენ დევნილები.
დევნილებისთვის ასევე გაურკვეველია რა იგულისხმება რუსთავში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაში, რადგან არ არის მითითებული თუ კონკრეტულად სად და რა ფართზეა საუბარი. Aასევე, გაუგებარია, რატომ არის საჭირო რამდენიმე თვით დევნილების ქირით გაყვანა სასტუმროდან, სადაც 21 წელია ცხოვრობენ, მაშინ როდესაც შესაძლებელია გასახლების პროცესი ახალი საცხოვრებელი ფართის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ დაიწყოს.
"ჩვენ ვდგავართ ფაქტის წინაშე. საქართველოს ხელისუფლება გვთავაზობს სასწრაფოდ დავცალოთ საცხოვრებელი ფართი. ღია ცის ქვეშ დარჩენა გარდაუვალი ხდება. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავს სასტუმროს გაყიდვის ფაქტს, რომლის დოკუმენტი ჩვენ გაგვაჩნია", - აცხადებენ "აფხაზეთში" მცხოვრები დევნილები.
დღესვე, პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ დევნილების აქცია გაიმართება საქართველოში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან, სადაც დევნილები ამ ორგანიზაციას, სახელმწიფოსთან დიალოგისთვის შუამდგომლობას სთხოვენ.

No comments:

Post a Comment