სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
უფასო იურიდიული დახმარების მომსახურების პირობები მინისტრმა ზესტაფონის მოსახლეობას გააცნო.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცნობით, ინტერაქტიულ რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე ხათუნა კალმახელიძემ მოსახლეობას ადგილზე იურიდიული კონსულტაცია გაუწია და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ ვრცლად ესაუბრა.
"ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, სახელმწიფო სრულიად უფასოდ ყველას სთავაზობს იურიდიულ კონსულტაციებს და რიგ შემთხვევებში, უფასო ადვოკატის მომსახურებას. ეს არის სერვისი ხალხისთვის და ჩვენ გვინდა მაქსიმალურად გავავრცელოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მზად ვართ ყველას გავუწოდოთ დახმარების ხელი",-განაცხადა კალმახელიძემ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ადვოკატები და კონსულტანტები, მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, ყველა სახის სამართლებრივ კონსულტაციას უფასოდ გაუწევენ, იურიდიული დოკუმენტების შედგენაში დაეხმარებიან და სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო მომსახურებას უზრუნველყოფენ.
იურიდიული დახმარების სამსახურის 11 ბიურო და 2 საკონსულტაციო ცენტრი თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმში, გურიასა და აჭარაში ფუნქციონირებს.
No comments:
Post a Comment