8/29/2011

რობერტ სტურუა - რუსთაველის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად ალბათ არ დავბრუნდები


თუ რომელიმე სომეხი ან რუსი გულწრფელად იტყვის, რომ სურს, მისი ქვეყნის პრეზიდენტი ქართველი იყოს, მაშინ ბოდიშს მოვიხდი , - ამის შესახებ რეჟისრომა რობერტ სტურუამ დღეს თბილისში, "რია-ნოვოსტის" საერთაშორისო პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტურუამ კიდევ ერთხელ ისაუბრა პრეზიდენტ სააკაშვილის ეროვნებასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე.
"მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ მსურს, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ქართველი იყოს და თუ ის ნახევრად ქართველია, ამას არ მალავდეს. მე ვთქვი, რომ ის სომეხია, ეს არ არის საწყენი. თუ რომელიმე სომეხი ან რუსი გულზე ხელს დაიდებს და იტყვის, რომ სურს, მისი ქვეყნის პრეზიდენტი ქართველი იყოს, მე ბოდიშს მოვიხდი. მე მრავალეროვან ქალაქში გავიზარდე. 100 მეტრის რადიუსში თბილისში სინაგოგაც არის, მეჩეთიც, სომხური და ქართული ეკლესიებიც. მე ვიზრდებოდი იტალიურ ეზოში და მყავდა სომეხი მეგობრები", - განაცხადა რობერტ სტურუამ.
მისივე აზრით, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების რეალური მიზეზი გახდა მის მიერ ხელისუფლების ღია კრიტიკა.
ამასთან, სტურუას განცხადებით, ამ გადაწყვეტილების გასამართლებლად თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობების გაუქმება სასაცილო იქნება.
"ეს არ არის მოგონილი თანამდებობა. ეს აუცილებელი თანამდებობაა", - განაცხადა რობერტ სტურუამ.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელისუფლება შეცვლის გადაწყვეტილებას და ბოდიშს მოიხდის, რუსთაველის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად ალბათ არ დაბრუნდება.
სტურუას დღევანდელ პრესკონფერენციაზე მიტანილი ჰქონდა შავი ფერის მაისური, რომელიც, მისი თქმით, მისმა მხარდამჭერებმა დააბეჭდინეს. მაისურის წინა მხარეზე გამოსახულია რეჟისორის ფოტო, ფოტოს ქვეშ კი წარწერა – "მომხსნეს". მაისურის უკანა მხარეზე კი, დაბეჭდილია კულტურის მინისტრის ბრძანება სტურუას გათავისუფლების შესახებ.

No comments:

Post a Comment