8/30/2011
მიხეილ სააკაშვილი – საიდან გაჩნდება ველოსიპედისტი, თუ ჯერ ველოსიპედის გზა არ გააკეთე
ჰოლანდიასაც დავეწევით, სხვა ქვეყნებსაც და გავუსწრებთ კიდეც მათ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში მიმდინარე მშენებლობების დათვალიერებისას განაცხადა .
პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ ცოტა ხნის წინ სანდრა რულოვსთან საუბრისას ჰოლანდიელმა ტურისტმა ის უცნაურ ადამიანად მოიხსენია.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სტუმარი აღფრთოვანებას ვერ მალავდა ქართველთა სტუმართმოყვარეობის, პატრულის თავაზიანობისა და, ზოგადად, ქვეყნის ღირსშესანიშნაობების გამო, თუმცა მიიჩნევდა, რომ ის, რაც ბათუმსა და ქუთაისში კეთდება, მხოლოდ პრეზიდენტის ფანტაზიის ნაყოფია და სრულიად შეუფერებელია საქართველოსთვის. სტუმარს პირველ ლედისთან საუბარში ისიც უთქვამს, რომ ველოსიპედის გზებზე არც ერთი ველოსიპედისტი არ დაუნახავს.
"ზოგიერთ ტურისტს ჰგონია, რომ კარგი და ლამაზი რამ შეიძლება მხოლოდ ჰოლანდიაში, საფრანგეთსა და იტალიაში ნახოს, ჩვენ კი მხოლოდ სტუმართმოყვარეობითა და კეთილგანწყობით შეგვიძლია სხვების მოხიბვლა. მალე ჩვენს ქვეყანაშიც ისეთივე ინფრასტრუქტურა იქნება, როგორიც სხვა განვითარებულ სახელმწიფოებშია. საიდან გაჩნდება ველოსიპედისტი, თუ ჯერ ველოსიპედის გზა არ გააკეთე?! სახელმწიფო აპარატი რომ ფუნქციონირებს, ქვეყანა რომ შენდება, ერთ ადგილზე რომ არ ვდგავართ და მუდმივად მოქმედებაში ვართ, პატრულიც ამიტომ არის კარგი. ჰოლანდიასაც დავეწევით, სხვა ქვეყნებსაც და გავუსწრებთ კიდეც მათ", - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ამ ყველაფერს - დრო, ხალხს კი მოთმინება სჭირდება.
ქუთაისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მიხეილ სააკაშვილმა ველოსიპედის გზის ახალი, 6-კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნა. ამ გზის პირველი სამი კილომეტრი პრეზიდენტმა მეუღლესთან და ვაჟიშვილებთან ერთად გაიარა, რომლებსაც ქუთისელი მოზარდები ველოსიპედებით შეუერთდნენ. ველოსიპედის გზის გარდა, რომელიც საბოლოოდ 40-კილომეტრს მიაღწევს, გაკეთდა ფილაქნებიანი ბილიკიც ფეხით მოსიარულეთათვის, დეკორატიული გარე განათებები და სკვერი.
"მსგავსი ველობილიკები კეთდება რუსთავში. ბათუმში ველომოყვარულთათვის უკვე 25-კილომეტრიანი მონაკვეთი გვაქვს, მაგრამ 60 კილომეტრამდე ავალთ; ასევე თბილისის ზღვაზე და დიღომში, დაახლოებით, 30 კილომეტრის სიგრძის ბილიკი გვექნება, თბილისის გარშემო 35-კილომეტრიან მონაკვეთს ვაკეთებთ. მთლიანად სამეგრელოში მსგავსი გზა 200 კილომეტრს მიაღწევს, კახეთშიც რამდენიმე ადგილზე გვექნება და ა.შ. ველოსიპედი ევროპული და, ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია. მართალია, ეს პატარა დეტალია, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესს ყველამ უნდა გავუწიოთ პოპულარიზაცია და მყარად დავნერგოთ - დაწყებული ჩემით და გუბერნატორებით, დამთავრებული ადგილობრივი მერებითა და ცნობილი ადამიანებით. ასე რომ, ველობილიკები ბევრი იქნება, როგორც ბავშვების გულის გასახარად, ისე დიდებისთვისაც, რადგან, მაგალითად, სამტრედიასა და აბაშაში ძალიან ბევრი აქტიურად იყენებს ველოსიპედს, იმის მიუხედავად, რომ საამისოდ სათანადო გზები არ აქვთ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment