ამ შენობაში გასული საუკუნის 90-იან წლებში, მაშინდელმა ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მისახლეობა შეასახლა. მაშინ ეს იყო საკუთარი მიწიდან გამოყრილი ქართველების პირველი კომპაქტური დასახლება შუაგულ თბილისში.
დევნილებმა სასტუმროს ნომრები, რომლებიც მრავალრიცხოვანი ოჯახების საცხოვრებლად არ იყო განკუთვნილი, ათასგვარი გადაკეთება-გადმოკეთების შედეგად, შეძლებისდაგვარად, მოარგეს ახალ პირობებს, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა შენობის ინტერიერი. შემდეგ პირველ სართულზე ხანძარიც გაჩნდა, გამურული კედლების შეღებვა არავის უფიქრია. ასე გადაიქცა ქალაქის ცენტრში წამოდგმული სახეშეცვლილი შენობა საქართველოს სხეულზე გაჩენილი ჭრილობის თვალსაჩინო გამოხატულებად, შესაბამისად მისი დევნილებისგან დაცლაც ქვეყნის მთლიანობის აღდგენასთან ასოცირდებოდა. . . სასტუმრო დევნილებისგან იცლება, თუმცა სხვა მიზეზით. . .
უახლოეს დღეებში დევნილებს შენობას დაატოვებინებენ. ხელესუფლება მათ შინ ვერ აბრუნებს, მაგრამ სთავაზობს ალტერნატიულ გზას. რუსთავში ჩასახლებას, მაგრამ რაკი რუსთავში მათთვის განკუთვნილი ახალი საცხოვრებელი მზად არ არის, მანამდე, ასევე დროებით, ქირით გაიყვანენ.
ამგვარად დევნილებს, რომლებმაც 20 წლის განმავლობაში ახალ საცხოვრებელ ადგილას გარკვეულწილად მოახდინეს ადაპტირება, კვლავ მოუწევთ დედაბუდიანად აყრა და ახალ საცხოვრებელ გარემოსთან და პირობებთან შეგუება, ანუ ყველაფრის თავიდან დაწყება. . .
როგორც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო აცხადებს, დევნილთა გამოსახლება სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის თამახმად მიმდინარეობს. წლის დასაწყისში სულ თბილისის ტერიტორიაზე არსებული 25 ობიექტის დაცლა დაიგეგმა.
სამინისტროს მიერ ნახსენები სახელმწიფო გეგმის "აგრესიული განხორციელება" პირველად 2011 წლის 20 იანვარს დაიწყო, როდესაც ბაგებში მდებარე სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს პოლიციამ დილის 6 საათზე ალყა შემოარტყა. რაკი იქ მცხოვრებმა 60-მა ოჯახმა უარი განაცხადა შენობის დატოვებაზე, პოლიციამ ძალას მიმართა.
დევნილთა საქართველოს სხვადასხვა რაიონებში გასამგზავრებლად იქვე მობილიზებული იყო სატვირთო მანქანები და ავტობუსები. პილიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით რამდენიმე მამაკაცი დააპატიმრეს, ხოლო ქალებს 400-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.
მომდევნო დღეს ისეთივე აქცია ჩატარდა ვაჟა-ფშაველას მე-3 მიკრორაიონში, სადაც კოდორის ხეობიდან დევნილი 22 ოჯახი საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ძალით გამოასახლეს. 18 ივლისს ვარკეთილში მდებარე საბავშვო ბაღიდან ლტოლვილთა გამოსახლების შემზარავი კადრები კი, რომელსაც გონიერებასთან არანაირი საერთო არა აქვს, მთელმა საქართველომ იხილა. იგივე პროცესები მიდის საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში.
არავინ დაობს, რომ პრობლემას, რომელსაც ლტოლვილთა საყოფაცხოვრებო პირობების მოწესრიგება და განსაზღვრა ჰქვია, მოსაგვარებელია, მაგრამ ეს არ უნდა გაკეთდეს ისე, რომ ამ ასედაც გაწვალებულ ადამიანებს ერთხელ განცდილი ჯოჯოხეთი ხელმეორედ გამოვატაროთ. მათი გასახლება იმ ადგილიდან, სადაც ავად თუ კარგად, წლების მანძილზე მოახერხეს დამკვიდრება, ამ მხრივ სრულიად უპერსპექტივი ადგილებში, არა პრობლემის გადაწყვეტას, არამედ ამ ადამიანების თავიდან მოშორებას უფრო ჰგავს.
დავუბრუნდეთ სასტუმრო ,,აფხაზეთში" მცხოვრებ დევნილებს. მათი განცხადებით, ხელისუფლების შეთავაზება, 10 000-იანი კომპენსაცია ან რუსთავში დროებითი საცხოვრებლებით დაკმაყოფილება, მიუღებელია. ისინი ითხოვენ - კომპენსაცია იყოს რეალური, რომლითაც თბილისის მასშტაბით საცხოვრებელ ბინებს შეიძენენ და არ გაუუარესდებათ მდგომარეობა.
უშუალოდ სასტუმრო "აფხაზეთი" კი, უკვე გაყიდული. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია, სადაც ვკითხულობთ, რომ ვაჟა-ფშაველას გამზირზე, 25 ნომერში მდებარე შენობა 2011 წლის 26 ივლისს გაიყიდა. მისი ახალი მფლობელია შპს ,,ველაჯიო", მისი წარმომადგენელია ვინმე ლევან კალმახელიძე.
No comments:
Post a Comment