8/14/2011

"დღევანდელი ტელევიზია თავის ხალხს მტრად ექცა"

უაღრესად თავმდაბალი, გულისხმიერი და ამავე დროს ენერგიული, მებრძოლი ხასიათის მამა ვახტანგი (დავითაშვილი) ექვსი წელია ჭოპორტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მოძღვარია. კომუნისტურ პერიოდში ეს ღვთის სახლი საწყობად იყო გამოყენებული. მოგვიანებით ახალგაზრდებმა, სოფლის ძალებით, ეკლესიაში აღდგენითი სამუშაოები დაიწყეს. მამა ვახტანგი ერთ–ერთი მოძღვარია, ვინც ამ ტაძრის აღორძინებას მოჰკიდა ხელი, ააშენა სამრეკლო, სატრაპეზო, გალავანი. თავის მრევლთან ერთად ფიზიკურად მონაწილეობდა ტაძრის აღდგენით სამუშაოებში. 33 წლისამ თავისი ღვაწლითა და ადამიანური ბუნებით სოფლის მოსახლეობის უდიდესი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მრევლის გადმოცემით, თავისი ნათელი და ღიმილიანი სახით მამა ვახტანგი იმედითა და სიყვარულით ავსებს სულიერ შვილებს. ამასთან, ამბობენ, რომ საკმაოდ მკაცრია, ჭეშმარიტების და სიმართლის სამსახურში პირდაპირი და შეუვალია. მისი სიტყვა ფოლადისებურია. სხვადასხვა პუბლიკაციის ავტორიცაა და არის ხუთი შვილის მამა.

მამა ვახტანგი რწმენისკენ მიმავალი თავისი გზის და ასევე დღევანდელი საზოგადოების მწვავე, საჭირბოროტო და აქტუალურ თემებზე "სარკეს" ესაუბრება.

– მამაო ვახტანგ, უფლის რწმენას როდის ეზიარეთ?

– მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახის წევრები არ ეწეოდნენ ეკლესიურ ცხოვრებას, ბავშვობიდანვე მქონდა ერთგვარი რწმენა რაღაც უხილავისა. ნელ–ნელა, ასაკის მატებასთან ერთად, გამიჩნდა სურვილი, მეტი გამეგო ჩემი სარწმუნოების და ზოგადად რელიგიის შესახებ, რამაც ეკლესიურ ცხოვრებამდე მიმიყვანა. პირველი აღსარება სიონის ეკლესიაში დაახლოებით 12–13 წლის ასაკში ვთქვი, მაგრამ შემდგომში, სამწუხაროდ, ეკლესიური ცხოვრება აღარ გამიგრძელებია. მას შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ და ალბათ თითოეულმა ჩვენგანმა ძალზე მძიმე წლები განვვლეთ. იყო იდეალებისა თუ ძეგლების მსხვრევის პერიოდი, შემდგომში ძმათამკვლელი ომები, როდესაც ბარიკადების საპირისპირო მხარეს ოჯახის წევრები იდგნენ და ერთმანეთს არაფრისდიდებით ინდობდნენ. ქვეყანაში იყო გაუტანლობა, აგრესია, კაცის კვლა და სხვა უამრავი სიბოროტე. ამ ამბების გადავლის შემდეგ მივედი სოფელ დიღმის წმიდა მარინეს ეკლესიაში. მამა დავით ისაკაძეს ვუთხარი აღსარება და იგი დღემდე ჩემი მოძღვარი და მასწავლებელია. იქვე, მრევლში, გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე და ჯვრისწერის შემდგომ შეგვეძინა ხუთი შვილი.

– მამაო, თქვენ მრავალშვილიანი მამა ბრძანდებით და ასევე მრევლში გეყოლებათ ახალგაზრდები. რა დაბრკოლებები ხვდებათ მათ ეკლესიურ ცხოვრებაში?

– ეკლესიური ცხოვრების გზაზე შეიძლება მრავალი დაბრკოლება წარმოიშვას, მაგრამ მე ამჟამად მინდა თქვენი ყურადღება ტელეგადაცემებზე და ჟურნალ–გაზეთებში დაბეჭდილ უხამსობებზე გავამახვილო. ჯერ კიდევ საუკუნეების წინ ნაპოლეონი ამბობდა, რომ ხუთ გაზეთს გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე 100 ათასიან კარგად შეიარაღებულ და გაწვრთნილ არმიას. ნაპოლეონი ცდილობდა, ემართა ხალხის მასები და იგი ამის საუკეთესო საშუალებად გაზეთს მიიჩნევდა, მაშინ არ არსებობდა ტელევიზორი, მაგრამ დღეს ხალხის მასების მართვის საუკეთესო საშუალება სწორედ ტელევიზორია. ეს მასობრივი საინფორმაციო საშუალება იმდენად დიდ ზეგავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, რომ მას სამართლიანად უწოდებენ მეოთხე ხელისუფლებას. ტელევიზია ადამიანს თავის ცხოვრების წესს სთავაზობს და ისიც, უნდა თუ არა, აყოლილია მის დიქტატურას.

სიძვა–მრუშობის, უზნეობისა და გარყვნილების გავრცელებაში განსაკუთრებით ტელეკომპანია "იმედი" გამოირჩევა. მე არ მესმის, როგორი გაბოროტებული უნდა იყო კაცი, რომ შენს ერს, შენს ზნეობასა თუ სარწმუნოებას ასე მტრად ექცე. დღეს ტელევიზია შენიღბულად სიცრუესა და ცოდვას სიმართლისა და სიწმიდის სახელს არქმევს. "იმედის" არხზე გადის გადაცემა "ღამე შორენასთან". ეს გადაცემა პირდაპირ ორიენტირებულია უზნეობასა და გარყვნილებაზე. აქ მოწოდებაა აღვირახსნილი და სიძვა– მრუშობითი ცხოვრებისაკენ. გვეუბნებიან, თითქოს ტრადიციული ოჯახები არ არის მყარი და ქორწინებამდელი ქალ–ვაჟის ურთიერთობა აუცილებელია ოჯახის სიმტკიცისათვის. ამაზე მეტი ტყუილი რაღა გინდა?! ევროპასა და ამერიკაში გასული საუკუნის 50–60–იანი წლების ე. წ. სექსუალური რევოლუციის შემდეგ იმატა განქორწინებების, ვენერული თუ სხვა გადამდები დაავადებების, პედოფილიის, გაუპატიურებების, აბორტებისა თუ სხვა გაუკუღმართებული ურთიერთობების რიცხვმა. მანამდე განქორწინება ან ოჯახის დანგრევა ხომ ძალზე იშვიათი მოვლენა იყო. ასე რომ, სწორედ სიძვა–მრუშობამ მოიტანა ოჯახების ნგრევა და არა – ზნეობამ და თავშეკავებამ.

– ასევე ხომ შეიძლება ადამიანმა ტელევიზორი სიკეთისთვისაც გამოიყენოს?

– რა თქმა უნდა, არსებობს შემეცნებითი გადაცემები, დოკუმენტური ფილმები ან საეკლესიო სიწმიდეებზე მომზადებული სიუჟეტები, მაგრამ დღეს ტელებარონებს ხალხის დაკვეთა ან ინტერესი ნაკლებად აინტერესებთ. ისინი თავად ადგენენ პროგრამებს და ისეთ გადაცემებს, რომლებიც ხალხის სამართავად და ფუჭი იდეოლოგიის გასავრცელებლად გამოადგებათ. გახსოვთ, რამდენიმე კვირის წინ ტელეკომპანია "იმედმა" ეთერში გაუშვა იმიტაცია, თუ როგორ შემოდის საქართველოში რუსის ჯარი და ახდენს ქვეყნის ანექსიას. ამ ფაქტმა როგორი შემზარავი გავლენა იქონია ხალხის მასებზე – ატყდა დიდი ქაოსი და ალიაქოთი. ზოგმა ნერვული სტრესი მიიღო, ზოგს გულის შეტევა მოუვიდა, ზოგს კი სხვაგვარი ზიანი მიადგა. ხალხის ასეთი დაცინვა და შეურაცხყოფა არ შეიძლება. მაპატიეთ, მაგრამ ჩვენ ხომ საცდელი ვირთხები არ ვართ, რომ ჩვენზე ექსპერიმენტები ატარონ. გვაქვს ემოცია და სხვა უამრავი გრძნობა, რომელთაც გაფრთხილება სჭირდება. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი ტელევიზია თავის ხალხს მტრად ექცა. რა თქმა უნდა, გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც უზნეო გადაცემებს მოიწონებენ და ჩვენ ტელევიზორის სხვა არხზე გადართვას მოგვთხოვენ, მაგრამ სხვა არხზეც ხომ იგივე სიტუაციაა, მთელი ტელევიზია ხომ უზნეო გადაცემებზეა აგებული.

ახლა ასე ისმება კითხვა: შეიძლება თუ არა ტელევიზიით ერთმანეთის მიყოლებით გადაიცემოდეს სიუჟეტები გარყვნილებასა და სიწმიდეზე? მახსოვს, ერთხელ "დროების" პირველ ნაწილში შესანიშნავი გადაცემა გავიდა საქართველოს ეკლესია–მონასტრებზე, მაგრამ იმავე გადაცემის მეორე ნაწილში გადაიცა ამაზრზენი გადაცემა, თუ როგორ გამოდიოდნენ პოდიუმზე, მაპატიეთ, ტიტლიკანა უკრაინელი მამაკაცები, რომელთაც საცურაო ტრუსებზე ბაფთები ეკეთათ. ეს, რბილად რომ ვთქვათ, სირცხვილია და, პირველ რიგში, იმათი სირცხვილი, ვინც ეს სიუჟეტი დაგეგმა, მოამზადა ან მასში რაიმე სახით მიიღო მონაწილეობა. არ შეიძლება სიწმიდეს და სიმართლეს უწმიდურობა და სიცრუე შეერიოს. თუ სიმართლეს თუნდაც მცირე ზომით უსამართლობა შეერია, ის ჭეშმარიტი სიმართლე აღარ იქნება.

ერთ ისტორიულ ფაქტს გავიხსენებ. მე–2 საუკუნეში რომის იმპერატორმა ადრიანემ ქრისტიანულ სიწმიდეებს – უფლის ჯვარცმის და აღდგომის ადგილს – საყოფაცხოვრებო ნარჩენები და მიწა მიაყარა და ზედ ბილწი ვენერას კერპი დადგა, რომელიც გარყვნილებისა და აღვირახსნილობის ქალღმერთს წარმოადგენდა. ნახეთ, როგორი მზაკვრობაა: ყველაზე დიდი სიწმიდის გვერდით უწმიდურობამ დაისადგურა! დღესაც ასე ხდება, ტელევიზია, ერთი მხრივ, ზნეობასა და სიწმიდეს გვიქადაგებს, მეორე მხრივ, იგივე გადაცემა და იგივე არხი უზნეობასა და გარყვნილებისკენაც მოგვიწოდებს. საგაზეთო ჯიხურებში საეკლესიო ჟურნალ–გაზეთების გვერდით პორნო და ეროტიკული ხასიათის ჟურნალ–გაზეთები იყიდება. ეს სიწმიდის გაუბრალოება და პროფანაციაა, რაც ძალზე დამღუპველია ქვეყნისა და მთელი ჩვენი მოზარდი თაობისათვის.

არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ქვეყნის ხელისუფალთა იდეას, რომ მცხეთაში, მტკვრის და არაგვის შესართავთან, მოეწყოს ერთგვარი ეგზოტიკური პლაჟი, სადაც ტურისტები დაისვენებენ და დიდ სიამოვნებას მიიღებენ. ეს ყოვლად დაუშვებელია! მცხეთა ხომ ჩვენი ქვეყნის გულია, ეს ადგილები ჩვენი ქვეყნის უმთავრესი სიწმიდეებია. აქ მაცხოვრის კვართი ინახება. რაც იერუსალიმშია გოლგოთა და აღდგომის ადგილი, ის არის ჩვენთვის მცხეთა. ქართველმა ხალხმა მტკვრისა და არაგვის შესართავთან იღო ნათელი, ანუ ჩვენმა ქვეყანამ აქ მიიღო ქრისტიანობა, ზურგი აქცია სიბნელეს და მიიღო ნათელი. ვინც ამართლებს აზრს, რომ ამ ადგილებში მოეწყოს გასართობი საშუალებები, პლაჟები ან ახალი "ვენერას ქანდაკებები", ის ნეოწარმართი ადრიანეა. ისიც შეგნებით თუ შეუგნებლად სიბოროტისა და გარყვნილების ფერხულში ჩამდგარა.

– სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების გარკვეულ წრეებში დღესაც შეინიშნება ასეთი დამოკიდებულება: "მე მწამს ქრისტე, მაგრამ ეკლესია და მღვდლები არ მწამს". მამაო, განმარტეთ ეკლესიის ღვთაებრივი მადლის შესახებ, მისი როლი ადამიანის სულიერი ცხოვრების გზაზე.

– ასეთი დამოკიდებულება ჩვენს გაუნათლებლობაზე მეტყველებს. ეკლესია – ეს დიდი ერთობაა. მეორენაირად ეკლესიას სულიერ ხომალდს უწოდებენ. ამ სულიერი ხომალდის წინამძღოლი მამა ღმერთია, მესაჭე – მხოლოდშობილი ძე, იესო ქრისტე, კეთილი ნიავი კი – სულიწმიდა; ღმერთს დამორჩილებული მენიჩბენი არიან მოციქულნი და მათი მემკვიდრენი, მწყემსნი ეკლესიისანი და მოძღვარნი; გემბანზე მყოფნი კი – ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი. ანუ ეკლესია არის ერთი დიდი სისავსე და მთლიანობა. როგორც ადამიანის ცალკე ორგანოები უსიცოცხლოა და არაფერს წარმოადგენენ, ასევეა ცალკეული რგოლები ეკლესიის სისავსისა. სამღვდელოება ეკლესიის მამოძრავებელი ძალაა და მის გარეშე ეკლესიაში საიდუმლოებები და სხვა წესები ვერ აღსრულდება. თავად უფალმა იესო ქრისტემ საიდუმლო სერობაზე აღასრულა ღმრთისმსახურება. ამ წესის აღსრულება მან სწორედ სამღვდელოებას ჩააბარა, ასევე უფალმა მოციქულებს მისცა ნიჭი ცოდვების მიტევებისა, მოციქულებმა ეს მადლი ხელდასხმით ეპისკოპოსებს და მღვდლებს გადასცეს. ამდენად, რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, რომ გვწამს ქრისტე, ხოლო არ გვწამს სამღვდელოება ან ეკლესია, ამას თავად უფლის დადგენილი წესების უარყოფამდე მივყავართ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უარვყოთ თავად ღმერთი. კვლავ მინდა გავიმეორო, რომ უფალი თავად ეკლესიაში მყოფობს და ეკლესიის ან მისი რომელიმე წესის უარყოფა თავად უფლის უარყოფაა. ამიტომაც ბრძანებს ერთ–ერთი ღვთისმეტყველი: "ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი მამა ვერ იქნება".

რაც შეეხება ეკლესიის როლს ადამიანის სულიერი ცხოვრების გზაზე, ეს არის ერთადერთი ადგილი ადამიანის სულის ცხონებისა. თუ ადამიანს სურს, დაუბრუნდეს თავის ჭეშმარიტ სამყოფელს – უფლის სასუფეველს, ის აუცილებლად ეკლესიის წევრი უნდა იყოს. ადამიანის ცხონება და გადარჩენა ეკლესიის გზაზე გადის, ეკლესიის გარეშე ცხონება არ არსებობს. ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს: "ეკლესიის გარეშე შეიძლება კიდეც გწამდეს ღმერთი, აღიარებდე წმიდა სამებას, გეჭიროს ხელში წმიდა სახარება და ქადაგებდე კიდეც, შეიძლება სისხლიც კი დაღვარო ქრისტესთვის, ერთადერთი, რაც შეუძლებელია ეკლესიის გარეშე, ეს არის ცხონება". რაც უნდა კეთილი იყოს ადამიანი, თუკი იგი არ ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით, ასეთი ადამიანი ვერ ცხონდება და ვერ გადარჩება. თუმცა მხოლოდ ეკლესიის წევრობა არ არის საკმარისი სულის ცხონებისათვის, აუცილებელია ადამიანმა მართალ რწმენას სარწმუნოებრივი საქმეებიც დაურთოს.

– მსოფლიოში არსებობს სხვადასხვა ქრისტიანული განშტოებები, რომ არაფერი ვთქვათ სხვა რელიგიურ მიმდინარეობებზე, როგორ უნდა მივხვდეთ, რომელია მართალი?

– როდესაც უფალი აღდგომის შემდეგ ზეცაში მაღლდებოდა, თავის მოწაფეებს და მთელ ეკლესიას მანუგეშებელი სიტყვები უთხრა, რომ იგი, მიუხედავად ზეცაში ამაღლებისა, მუდამ მათთან, ანუ ეკლესიაში იქნებოდა. ეს არის ერთ–ერთი მთავარი პირობა ჭეშმარიტებისა. დღეს ზოგიერთი რელიგიური მიმდინარეობის წევრები ამბობენ, რომ არიან რასელის ან ლუთერის, ან კალვინის მიმდევრები, მაგრამ რასელამდე ან კალვინამდე სად იყო ჭეშმარიტება? ეკლესია ხომ პირველ საუკუნეში დაფუძნდა და ეს ადამიანები კი საკმაოდ გვიან მოღვაწეობდნენ? ესე იგი მათ მოღვაწეობამდე ჭეშმარიტება დაიკარგა?! რა თქმა უნდა, ეს დიდი აბსურდია. ახლა ეკლესიის ისტორიას გადავხედოთ. შეიცვალა თუ არა რაიმე ეკლესიის სწავლებაში, განსხვავებით კათოლიკური ან სხვა რომელიმე საკრებულოსი? მართლმადიდებელ ეკლესიას სწავლება არ შეუცვლია, იგი უცვლელად მოდის დღევანდელ დღემდე. ჭეშმარიტების მთავარი დამადასტურებელი პირობა კი მისი უცვალებლობაა, არ შეიძლება ღვთაებრივ სწავლებას ადამიანური სწავლება შეერიოს, ან სიმართლეს – სიცრუე. თუ სიმართლეს სიცრუე შეეპარა, ის სიმართლე აღარ იქნება. უფლის ღვთაებრივი სწავლება უცვალებელია, რადგანაც თავად ღმერთია უცვალებელი. გარდა მართლმადიდებლური მოძღვრებისა, ცვალებადობა ყველა რელიგიურმა მიმდინარეობამ განიცადა და ესე იგი ჩამოშორდა ღვთაებრივ მადლს. ესეც არის ერთ–ერთი მთავარი პირობა ჭეშმარიტების დადგენაში. თუ ადამიანს უნდა სიმართლის პოვნა, ის ადვილად იპოვის მას მართლმადიდებლობაში.

– გმადლობთ, მამაო, საინტერესო საუბრისათვის.

– ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და ყოველივე სიკეთეში ხელი მოგემართოთ!

ნანა კობახიძე

No comments:

Post a Comment