8/29/2011
რობერტ სტურუა - ახლა მხიარულ განწყობაზე ვარ და ალბათ კომედიას დავდგამდი
რეჟისორ რობერტ სტურუას ჯერ არ გადაუწყვეტია, სად გააგრძელებს მუშაობას, - ამის შესახებ მან დღეს თბილისში, "რია ნოვოსტის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ყველა იმ წინადადებიდან, რომელიც მე მივიღე, ჩემთვის ყველაზე მისაღებია "ეტ სეტერას" ოფიციალური შემოთავაზება. ამ თეატრის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული მადლიერების გრძნობა და მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ალბათ მას ავირჩევდი, მაგრამ ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული. ველოდები იმ მოვლენების დასრულებას, რომლის გმირიც უნებლიედ მე აღმოვჩნდი", - განაცხადა რობერტ სტურუამ.
მისი თქმით, ახლა მხიარულ განწყობაზეა და ალბათ კომედიას დადგამს, თუმცა, როგორც სტურუა ამბობს, არ იცის, რა იქნება მომავალში.
რეჟისორი აღნიშნავს, რომ მას საქართველოდან წასვლა გაუჭირდება. "თეატრი ენასთან არის დაკავშირებული, ენა კი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს", - განაცხადა რეჟისორმა.
რუსეთში სამუშაოდ გადასვლის შემთხვევაში, რუსეთის ხელისუფლების და საზოგადოების კრიტიკა რობერტ სტურუას უხერხულად არ მიაჩნია.
"აქედან სათქმელს ყოველთვის ვამბობ და ვაკრიტიკებ კიდეც რუსეთის ხელისუფლებას. ფაქტია, რომ იყო ჩვენს შორის ომი. რუსეთში საქართველო ნომერ მეორე მტრად მიაჩნიათ, რაც ძალიან ცუდია. თუმცა, როდესაც ჩადიხარ ქვეყანაში და იქ იწყებ მუშაობას, ალბათ უნდა გქონდეს კრიტიკის უფლება", - განაცხადა რობერტ სტურუამ.
მისივე თქმით, იგი 30 აგვისტოს ოდესაში მიფრინავს, სადაც "ეტ სეტერას" გასტროლები აქვს და სთხოვეს თეატრიდან, სპექტაკლს დაესწროს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment