8/09/2011

Independent - დიმიტრი მედვედევი კვლავ საქართველოს ადანაშაულებს


ხანმოკლე, მაგრამ სასტიკი ომიდან, 3 წლის შემდეგ, რუსეთი და საქართველო კონფლიქტის მიზეზებზე კამათისას კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ , _ წერს შონ ვოკერი Independent-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სახელწოდებით "მედვედევი კვლავ საქართველოს ადანაშაულებს".
ჟურნალისტი წერს, რომ ომი ზუსტად სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც საქართველომ თავის რეგიონზე, სამხრეთ ოსეთზე კონტროლის აღდგენის მიზნით, მას სამხედრო ძალით შეუტია. პასუხად რუსეთმა ქართული არმია სასტიკად დაამარცხა და გარკვეული დროით, საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილის ოკუპაცია მოახდინა. მოგვიანებით, მან სამხრეთ ოსეთის და კიდევ ერთი ქართული რეგიონის აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, რითაც საქართველო განარისხა. ქვეყნებს დღემდე არა აქვთ დიპლომატიური ურთიერთობა და ისინი აგრესიაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.
"ბოლო გასროლა რუსეთის მხრიდან პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ინტერვიუ გახდა, რომელიც მან რუს და ქართველ ჟურნალისტებს მისცა. მედვედევმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "საკუთარ საუბარს ვერ აკონტროლებს". მედვედევის ტონი სიმწვავით მისი წინამორბედის ვლადიმერ პუტინისას ჰგავდა. გარდა ამისა, მედვედევმა სააკაშვილი დაახასიათა, როგორც "ფიგურა, რომელსაც ის ხელს არასდროს ჩამოართმევს" და ადამიანად, რომლისგანაც "თავის დაღწევა რთულია, რადგან ის "წებოსავითაა". პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილს სამხედრო დანაშაულებებისთვის უნდა ასამართლებდნენ", _ წერს შონ ვოკერი.
Independent წერს, რომ მედვედევმა იმაზეც მიანიშნა, რომ აშშ გარეულია იმაში, რომ საქართველომ სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა გადაწყვიტა.
"ინტერვიუში მედვედევმა ასევე განაცხადა, რომ 2008 წელს მან რუსეთის არმიას საქართველოს ქმედებებზე პასუხი ისე უბრძანა, რომ კონსულტაცია არ ჰქონია პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან, რომელიც იმ დროს პეკინში ოლიმპიური თამაშების გახსნას ესწრებოდა. მედვედევის თქმით, ის პუტინს ომის დაწყებიდან 24 საათის შემდეგ დაუკავშირდა. რუსი ანალიტიკოსების უმრავლესობას ამის არ სჯერა. როგორც სჩანს, მედვედევი უბრალოდ იმის დემონსტრირებას ცდილობს, რომ დამოუკიდებელი ფიგურაა და პუტინს სრულად არ ემორჩილება. ლიდერებს ჯერ საჯაროდ არ უთქვამთ ის, თუ რომელი მათგანი აპირებს მომდევნო გაზაფხულზე არჩევნებში მონაწილეობას", _ წერს შონ ვოკერი.

No comments:

Post a Comment