8/08/2011

პარლამენტში ფილმის "აგვისტო" ჩვენება გაიმართა


2008 წლის აგვისტოს ომზე დოკუმენტური ფილმი პროექტ "ოკუპაციის" ფარგლებშიც მომზადდა .
ფილმის ჩვენება დღეს პარლამენტში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე შედგა.
როგორც კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხიამ განაცხადა, სხვა ფილმებისგან განსხვავბით, აგვისტოს ომზე მომზადებული ფილმი მხოლოდ დოკუმენტებსა და რეზოლუციებზეა აგებული და მასში არ არის ნაჩვენები პოლიტიკოსების შეფასებები.
მისი თქმით, ფილმში ნაჩვენებია რუსეთის აგრესია, საქართველოს თავდაცვა და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციები.
"ეს ომი იყო ფაშიზმისა და კომუნიზმის ნაზავი. ეს კარგად ჩანს ამ ფილმში" - დასძინა მალაშხიამ.
დოკუმენტური ფილმი "აგვისტო", საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების განყოფილებაში მომზადდა და მასზე მუშაობა გუშინ დასრულდა.
ფილმი დღეს "საზოგადოებრივ მაუწყებელზეც" გავა.
რაც შეეხება პროექტ "ოკუპაციას", მის ფარგლებში უკვე 10 ფილმია მომზადებული. დოკუმენტური ფილმები სხვადასხვა ქვეყნებში რუსეთის აგრესიას ეხება.
დღევანდელ სხდომაზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმაც ისაუბრეს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ აუცილებელია მომზადდეს დოკუმენტური ფილმი საქართველოს ყოფილი ხელისუფლების ქმედებებზეც.
მათი შეფასებით, აგვისტოს ომის წინაპირობა, ყოფილი პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ქმედებები იყო, რაც სათანადოდო უნდა შეფასდეს.

No comments:

Post a Comment